რაც მეტს ვთამაშობ მით უფრო ვაანალიზებ და ვხვდები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის თუ როგორ აღმიქვამს მოწინააღმდეგე, რა შთაბეჭდილება შეექმნა მას ჩემზე და იყო ეს ჩემს მიერ გამიზნული თუ უნებლიე. გადაწყვეტილების მიღების მომენტში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამის ცოდნას და მეხმარება ვივარაუდო თუ როგორი რეაქცია ექნება ადამიანს ჩემ ქმედებაზე. მაგალითად სისულელეა მოვსინჯო მოთამაშის დაბლეფვა თუ ვიცი, რომ გაღიზიანებულია ჩემზე. ჩემთვის მომგებიანი შთაბეჭდილების შესაქმნელად ასევე სასარგებლო სხეულის ენა.
აგრეთვე ძალიან გულდასმით უნდა მივაქციოთ ყურადღება მოთამაშეების ცირკულაციას მაგიდაზე, ვინ გადის, ვინ შემოდის რა იცის ახლად შემოსულმა მოთამაშემ ჩემს შესახებ და რა ვიცი მე მასზე. ყურადღება და კონცენტრაცია პოკერში უდიდეს როლს თამაშობს. პოკერის წესების სწავლა შესაძლებელია 15-20 წუთში, მაგრამ მისი თამაშის სწავლას ზოგი ცხოვრების ბოლომდე ვერ ახერხებს.
ასე, რომ გამიზნული შთაბეჭდილების შექმნა, საკუთარი თავის ისე დანახვება სხვებისათვის, როგორც ეს ჩვენთვის იქნება მომგებიანი, ერთგვარი ხელოვნებაა. მე პირადად ყოველთვის ვცდილობ ვიყო კომუნიკაბელური და დადებითად განვაწყო ხალხი ჩემს მიმართ, მსგავსი მიდგომა უმეტეს შემთხვევაში მაძლევს წარმატებული ბლეფის უფრო დიდ შანსებს. უნდა გვახსოვდეს, რომ გაღიზიანებული ადამიანი უფრო მოგვყვება ფსონზე, ვიდრე ჩვენს მიმართ სიმპატიებით განწყობილი. რამდენიმე წარმატებული ბლეფის გარეშე სესიის, მითუმეტეს ტურნირის მოგება ძალიან რთულია. ესეც, რომ არ იყოს კომუნიკაბელურობა ბევრად უფრო სახალისოა ჩემი აზრით. პოკერის მთელი მარილი იმაშია თუ რამდენად შეგვიძლია ამოვიცნოთ ადამიანის მენტალური, ემოციური მდგომარეობა და ამის საფუძველზე მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები.
ჩემ თავს უფრო ქეშზე მოთამაშედ აღვიქვამ ვიდრე ტურნირის მოთამაშედ და ამიტომ ყველა მაგალითს განვიხილავ ამ კუთხით. ქეშ მაგიდების ძირითადი განსხვავება ტურნირებისაგან ის არის, რომ აქ შეიძლება წააგო ყველაფერი რაც გაბადია თუ ნერვებს აყევი. სწორი შთაბეჭდილების შექმნა ქეშ მაგიდებზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ტურნირებისაგან განსხვავებით აქ თამაშის დროს არავის არსად ეჩქარება და კარგად დაგეგმილი ბლეფიც უკეთესად ჭრის.
ყოველ სესიას ვიწყებ ფრთხილი თამაშით, ვთამაშობ მარტო ძლიერი კარტით და ვცდილობ მოთამაშეებთან კომუნიკაციაში შესვლას. ერთი შეხედვით უმნიშვნელო დიალოგითაც კი შესაძლებელია გაიგო თუ როგორ მდგომარეობაშია ესა თუ ის მოთამაშე (გაღიძიანებული, მშვიდი თუ აღგზნებული). როცა კარგად შევისწავლი მოთამაშეებს და ჩემს მიმართ შთაბეჭდილებასაც გავამყარებ, ვიწყებ ბლეფების დაგეგმვას. უამრავჯერ მინახავს მოთამაშე, რომელიც დაჯდება თუ არა მაგიდასთან, პირველივე ხელს ბლეფით იწყებს, ამით მის შესახებ ყველაფერი ნათქვამია. თუმცა არც მსგავს მოთამაშესთან შეიძლება გათამამება, ეს ყველაფერი შეიძლება მახე იყოს.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ძალიან მნიშვნელოვანია მოთამაშეების ცირკულაციას მივაქციოთ ყურადღება, თორემ ერთ მშვენიერ მომენტში შეიძლება სრულიად ახალ ატმოსფეროში ამოვყოთ თავი და ეს ვერც შევამჩნიოთ. ყურადღების თუნდაც წამიერი გაფანტვა პოკერში ძვირი სიამოვნებაა. თამაშის დროს უნდა ვიყოთ გამუდმებით ფხიზელი და კონცენტრირებული.
No comments:
Post a Comment