წაგებული სესიები/ტურნირები, ბედ ბითების სერია, პოკერის მოთამაშისათვის ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც ადვოკატისათვის წაგებული პროცესი ან სპორტსმენისათვის წაგებული თამაში. ყველაფერი გაცილებით უფრო რთულდება, თუ წარუმატებელი სესია/ტურნირი რამდენიმეჯერ ზედიზედ განმეორდება. აქედან იწყება მოთამაშის დეპრესია (ტილტი). ამ მდგომარეობიდან გამოსვლა გაცილებით უფრო რთულია ვიდრე მასში აღმოჩენა. ნელ ნელა გვეუფლება ისეთი გრძნობა. რომ ყველაფერი ჩვენს საწინააღმდეგოდ ხდება, რაც აბსურდია. კარტი რიგდება აბსოლუტურად არაპროგნოზირებადად და როგორც მომგებიანი დარიგებები ასევე წამგებიანი დარიგებები თანაბრადაა გადანაწილებული. ერთად ერთი რაც ჩვენზეა დამოკიდებული, დაველოდოთ ისეთ ხელს რომელსაც მოგების ალბათობა უფრო დიდი აქვს ვიდრე წაგების, თუმცა ამ შემთხვევაშიც გარანტირებული მოგება არ არსებობს, მაგრამ თუ ყოველ მათგანს ვითამაშებს სწორად და ყოველგვარი ემოციის გარეშე დროთა განმავლობაში მოგება გარანტირებულია. თუ შევძლებთ ემოციებზე დამყარებული გადაწყვეტილებები დავიყვანოთ მინიმუმამდე, შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული რომ უფრო კარგად ვთამაშობთ პოკერს ვიდრე ამას მასის 90% აკეთებს.
პირადად ჩემთვის საუკეთესო, მაგრამ ყველაზე რთული საშუალება არის თამაშისგან დასვენება. მიუხედავდ სირთულისა მაინც მიწევს ჩემი სურვილების და გრძნობების წინააღმდეგ წასვლა და საკუთარი თავის იძულება. ადამიანი უმეტეს შემთხვევაში ჩადის ისეთ ქმედებებს, რომლებიც მისთვის მსუბუქად რომ ვთქვათ არ არის სასარგებლო და ეს ყველაფერი ემოციების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების ბრალია.
დაფიქრებულხართ რატომ ეწევით სიგარეტს, მიირთმევთ ზედმეტად ცხიმიან საკვებს, მოიხმართ ბევრ შაქარს, მიუხედავად იმისა რომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ჩვენი ჯანმრთელობისათვის საზიანოა. ყველაფერში დამნაშავე ჩვენი გრძნობებია. სიგარეტს იმიტომ ვეწევით, რომ მივიღოსთ სიამოვნება, იმიტომ მივირთმევთ არაჯანსაღ საკვებს, რომ უფრო გემრიელია და ასე შემდეგ...
სწორედ იგივე სიტუაციაა პოკერში. პოკერი არის ლოდინის, მოთმინების და დაკვირვების თამაში. ვის მოსწონს მაგიდასთან უმოქმედო ჯდომა და სხვების თამაშზე დაკვირვება? ბევრად უფრო სახალისოა ყოველ დარიგებაში მონაწილეობის მიღება, სახალისო მაგრამ არა მომგებიანი. ასე რომ თუ პოკერს მოგებისთვის ვთამაშობთ უმეტეს შემთხვევაში გვიწევს ისეთი ქედბების განხორციელება, რომელიც ემოციურად სრულებითაც არ არის ჩვენთვის სასიამოვნო, მაგრამ სასარგებლოა ფინანსური თვალსაზრისით. არავის არ უყვარს მაგიდის დატოვება წაგებაში, თუმცა ამაზე მიჩვევა შეიძლება გახდეს წამგებიანი მოთამაშის მომგებიანად გარდაქმნის მიზეზი.
ქეშ სესიებთან დაკავშირებით მაქვს ერთად ერთი წესი. თუ ვიგებ ვთამაშობ და ვთამაშობ სანამ არ მომბეზრდება ხოლო თუ ვაგებ მაშინვე ვდგები მაგიდიდან როგორც კი წავაგებ 50 ბიგ ბლაინდს, მიუხედავად იმისა როგორ ძლიერადაც არ უნდა მინდოდეს თამაში. (სესიაზე ყოველთვის შევდივარ 100 ბიგ ბლაინდით). ყველაზე წარმატებული ქეშ მოთამაშეები არიან ფრთხილი/აგრესიული მოთამაშეები.
ვცდილობ არასოდეს არ გავბრაზდე მოთამაშეზე, რომელმაც არასწორად ითამაშა, მაგრამ გაუმართლა და მომიგო. თუ დავფიქრდებით ასეთმა მოთამაშემ მოგვცა ინფორმაცია საკუთარი თამაშის შესახებ, რომელიც მომავალში ძალიან სარფიანად შეიძლება გამოვიყენოთ. პოკერი არ არის ერთი დღის თამაში. პირადად ჩემთვის, პოკერი არის ურთიერთობის საშუალება, სადაც ადამიანის სისუსტეები და ძლიერი მხარე ძალიან კარგად ჩანს. დროთა განმავლობაში მოიგებს ის ვინც ამ სისუსტეებს და სიძლიერეს თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, ყოველგვარი ემოციის გარეშე. ასე რომ კარგად დაფიქრდი სანამ საეჭვოდ დიდ ფსონზე გაყვები მოწინააღმდეგეს, რომელსაც რამდენიმე დარიგების წინ გაუმართლა და მოგიგო, ეს შენი გადაწყვეტილება არის საღი აზროვნების საფუძველზე მიღებული თუ იმ უარყოფითი ემოციის საფუძველზე - რომელიც წაგებამ გამოიწვია შენში.
არასწორი გადაწყვეტილებების მიღება საშიშია არა იმიტომ, რომ შეუძლია დაგვაკარგვინოს ფული, არამედ იმიტომ, რომ ჩვევაში გადაზრდა ახასიათებთ. მავნე ჩვევები პოკერში ხარჯიანია, ისევე როგორც ცხოვრებაში.
No comments:
Post a Comment